ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ვინ არის სოციალური მეწარმე

ვინ არის სოციალური მეწარმე, როგორ დავახასიათებთ მას და რატომ უკავშირდება სოციალური მეწარმეობა ინოვაციას თუ ცვლილებას.

მეწარმეობა, პიროვნებისაგან განუცალკევებელი მოვლენაა – მეწარმეობა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს მეწარმე. თავის მხრივ, ტერმინი მეწარმე შეიძლება განიმარტოს მხოლოდ მეწარმეობის მოვლენის მეშვეობით – მეწარმეა ის, ვინც ეწევა მეწარმეობას, სამეწარმეო საქმიანობას.

დიუკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციალური მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა გრეგორი დისმა 1998 წელს სტატიაში „სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობა“ სოციალური მეწარმის დახასიათება შესთავაზა მკითხველს. ავტორი წერდა, რომ სოციალური მეწარმე არის ცვლილების აგენტი, მისიონერი, ინოვატორი, გამბედავი ადამიანი, რომელიც ეძებს და პოულობს შესაძლებლობებს, იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.

 

ცვლილების აგენტი.

მეწარმე არის სოციალური სფეროს რეფორმატორი. ის შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ სფეროში. ის მიისწრაფის ძირეული ცვლილებისაკენ, ტრანსფორმაციისაკენ. ის არ კმაყოფილდება ზედაპირული, სიმპტომატური გაუმჯობესებით, მისი ძალისხმევა მიმართულია ნეგატიურ გარემოებათა გამომწვევ მიზეზებზე. ცვლილების აგენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილება ყოველთვის სისტემური და სიცოცხლისუნარიანია. მაშინაც კი, როდესაც ის მოქმედებს ლოკალურად, მისი საქმიანობა შეიძლება გახდეს მისაბაძი მაგალითი, სტიმული სხვებისათვის.

მისიონერი

სოციალური მეწარმე ხელმძღვანელობს ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების ფუნდამენტური მოთხოვნილებით. სწორედ ეს მოთხოვნილება წარმოადგენს სოციალური მეწარმის წამყვან მოტივს და განასხვავებს სოციალურ მეწარმეობას ბიზნესისა და ბიზნესის სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობისაგან. შემოსავლის შემომტანი საქმიანობა სოციალური მისიის განხორციელების საშუალებაა.

ადამიანი, რომელიც ეძებს შესაძლებლობებს

სოციალური მეწარმე არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც უარს იტყვის თავის ოცნებაზე შეზღუდული რესურსების გამო. მათ შესწევთ უნარი მცირე რესურსებით შექმნან მრავალი რამ. მათ შესწევთ უნარი მოიზიდონ რესურსები, შევიდნენ კოალიციაში სხვებთან, მოიპოვონ პარტნიორები. ისინი ცდილობენ გამოიყენონ ყველა წყარო – ფილანთროპია, დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი. ისინი არ იზღუდავენ თავს რესურსების მოპოვების დამკვიდრებული პრაქტიკითა და ტრადიციული სტრატეგიებით და არ იშურებენ ძალ-ღონეს საჭირო რესურსების მოსაძიებლად.

ინოვატორი

მეწარმე ქმნის ახლებურ მიდგომას, ახლებურ მოდელს, კვალავს ახალ გზებს. სიახლე მრავალი სახის არსებობს. სიახლე არ ნიშნავს მაინცადამაინც რაიმე ახლის გამოგონებას. არსებული იდეის განსხვავებულ კონტექსტში ან განსხვავებული ფორმით გამოყენება ასევე სიახლეა. არ არის აუცილებელი მეწარმე იყოს გამომგონებელი, მთავარია შეძლოს არსებული გამოგონებების გამოყენება. დაკვირვების, სიახლის აღმოჩენის, სწავლის, დანერგვისა და შეფასების ცირკულარულ პროცესს ახლავს რისკი და განუსაზღვრელობაც. განუსაზღვრელობის პირობებში მოქმედების უნარი დამახასიათებელია მეწარმისათვის.

გამბედავი ადამიანი

მეწარმეს ამოძრავებს არა მხოლოდ ადამიანების საჭიროებათა გაცნობიერება და თანაგრძნობა. გადამწყვეტია სასურველი მდგომარეობის წარმოსახვითი სურათი და თავდადება, რომლითაც ის ცდილობს აქციოს ხედვა სინამდვილედ. ის ჯიუტად მიიწევს თავისი მიზნისაკენ და ამავდროულად ცვლის მიდგომას იმის მიხედვით, თუ რა მუშაობს და რა არა. ახალ დაბრკოლებას, შეფერხებას ის აღიქვამს როგორც გამოწვევას. სიტუაციაში სადაც სხვები ხელებს დაუშვებენ, მეწარმე არ ნებდება და ეძებს გამოსავალს.

ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას

ნაკლებეფექტური სოციალური ინიციატივები არ იცხრილებიან თავისთავად ბაზარზე მოქმედი ძალებით. პასუხისმგებლობა ეფექტურობაზე მეწარმემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების საჭიროებათა გააზრება, ვისაც ემსახურება, ამავდროულად მეწარმეს გათავისებული უნდა ჰქონდეს ინვესტორის მოლოდინი. მეწარმე პასუხისმგებელია მიაგნოს ყველა მხარისათვის მომგებიან კონფიგურაციას, მოდელს, სადაც ინვესტორი კმაყოფილია სოციალური და ეკონომიკური უკუგებით, სამიზნე ჯგუფი კი სარგებლობს გაუმჯობესებული მდგომარეობით.

სოციალური მეწარმეობა: კონცეპტუალური განმარტებები:

ავტორი

კონცეპტუალიზაცია

Leadbetter (1997)

სამეწარმეო ქცევის გამოყენება სოციალური მიზნებისთვის და არა იმდენად კომერციული მოგებისთვის. ან, ალტერნატიულად, საბაზრო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების გამოყენება რომელიმე დაუცველი ჯგუფის სასარგებლოდ.

Dees (1998)

სოციალური მეწარმე ასრულებს სოციალურ სექტორში ცვლილებების აგენტის როლს, რადგან 1) მისი მიზანია შექმნას და შეინარჩუნოს სოციალური ღირებულება (და არა მხოლოდ კერძო) 2) მას შეუძლია ამოიცნოს ახალი შესაძლებლობები და მთელი ენერგიით შეეცადოს მათ გამოყენებას დასახული მიზნის მისაღწევად 3) იგი მუდმივად არის ჩართული განახლების, ადაპტაციის და სწავლის პროცესში 4) მოქმედებს თამამად და გაბედულად და არ იზღუდება მოცემულ მომენტში მის ხელთ არსებული რესურსებით და 5) ამჟღავნებს პასუხისმგებლობას იმ თემის/ჯგუფის წინაშე, რომელსაც ემსახურება და აგრეთვე იღებს პასუხისმგებლობას შექმნილი პროდუქტის/მომსახურებისთვის

Fowler (2000)

სოციალური მეწარმეობა, ეს არის იმ ქმედუნარიანი სოციო-ეკონომიკური სტრუქტურების, ურთიერთობების, ინსტიტუციების, ორგანიზაციებისა და პრაქტიკების შექმნა, რომელიც წარმოშობს და ინარჩუნებს სოციალურ სარგებლებს 

Brinkerhoff (2001)

სოციალური მეწარმეები მუდმივად ეძიებენ ახალ გზებს, რათა ემსახურონ სამიზნე ჯგუფს/სეგმენტს და კიდევ უფრო ღირებული გახადონ არსებული სერვისები.

Drayton (2002)

სოციალური მეწარმე – ეს არის მთავარი ცვლილებების აგენტი, რომლის ძირითადი ფასეულობების სისტემის საფუძველს სოციუმში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა წარმოადგენს.

Mort et al. (2003)

სოციალური მეწარმეობა არის მრავალგანზომილებიანი კონსტრუქტი, რომელიც  გულისხმობს სამეწარმეო გაწაფულობის გამოვლენას სოციალური მისიის შესასრულებლად… [ასევე] იმ შესაძლებლობების ამოცნობის უნარს, რომლებსაც გააჩნიათ სოციალური ღირებულების გენერირების პოტენციალი. სოციალური მეწარმე მიდრეკილია ინოვაციის, პროაქტიულობისა და რისკის აღებისკენ. 

Harding (2004)

სოციალური მეწარმეები, რომლებთაც ამოძრავებთ სოციალური ამოცანები და რომლებთაც სურთ რაიმე ტიპის ახალი აქტივობის ან ინტერვენციის წახალისება.

Shaw (2004)

სათემო, მოხალისეობრივი ან საჯარო ორგანიზაციები, ასევე კერძო ფირმები, რომელთა მუშაობა მიმართულია არა მხოლოდ მოგებისკენ, არამედ სოციალური მიზნების მიღწევისკენ

Tan et al. (2005)

სოციალური მეწარმეობა არის გარკვეული რისკის ფასად მოგების მიღების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების გარკვეული სეგმენტის ჩართულობას და მოგების დაგროვებას სწორედ ამ სეგმენტის სასარგებლოდ.

Mair & Marti (2006)

სოციალური მეწარმეობა – ღირებულების შექმნის პროცესი რესურსების ახლებური მობილიზების მეშვეობით, რომელიც უმთავრესად გამიზნულია სოციალური ცვლილების სტიმულირების ან სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მეშვეობით სოციალური ღირებულების შექმნის შესაძლებლობების განსაზღვრისა და მათი გამოყენებისკენ

Peredo & McLean (2006)

სოციალური მეწარმეობა არის პროცესი, რომლის დროსაც გარკვეული პირები ან ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალური ღირებულების შექმნას, ამჟღავნებენ შესაძლებლობების ამოცნობისა და მათით სარგებლობის უნარს, მიმართავენ ინოვაციურ მიდგომებს,  იღებენ საშუალოზე მაღალ რისკს და ამავე დროს არიან აღჭურვილნი უჩვეულოდ ეფექტიანი უნარ-ჩვევებითა და რესურსებით.

Nicholls (2008)

სოციალური მეწარმეობა არის ინვესტიციიდან როგორც ფინანსური, ასევე სოციალური ამონაგების  მიღების ხელოვნება (ორმაგი მიზანი)

Zahra et al., (2009)

სოციალური მეწარმეობა არის პროცესი, რომლის დროსაც ახალი ბიზნეს საწარმოს შექმნა შედეგად იწვევს სოციალური დოვლათის ზრდას, რითაც მოგებას ნახულობს როგორც მეწარმე, ასევე საზოგადოებაც

Ormiston & Seymour (2011)

სოციალური მეწარმე არის ადამიანი, რომელიც ისწრაფვის ცვლილებებისკენ (იგი ქმნის სოციალურ, კულტურულ ან ბუნებრივ ღირებულებას) ეკონომიკური აქტივობის დამკვიდრების ან გაფართოების მეშვეობით, რომლის დროსაც იგი განსაზღვრავს და იყენებს ახალ პროდუქტებს, პროცესებს ან ბაზრებს.

Abu-Saifan (2012)

სოციალური მეწარმე არის ინდივიდი, რომელსაც აქვს კონკრეტული მისია და რომელიც მიმართავს სამეწარმეო ქცევას ნაკლებად პრივილეგირებული სეგმენტისთვის სოციალური ღირებულების შესაქმნელად. ამ მიზნისკენ იგი მიდის მეწარმეობაზე ორიენტირებული და ამავდროულად ფინანსურად დამოუკიდებელი, თვითკმარი და მდგრადი ერთეულის მეშვეობით.

Daru & Gaur (2013)

სოციალური საწარმო ქმნის ინოვაციურ გამოსავლებს გადაუდებელი სოციალური პრობლემებისთვის და ახდენს სოციალური ტრანსფორმაციისთვის საჭირო იდეების, შესაძლებლობებისა და რესურსებისა მობილიზებას და სოციალური საკითხების მოგვარებას. 

Sengupta & Sahay (2017)

სოციალური მეწარმეობა არის სამეწარმეო და ბიზნეს უნარ-ჩვევების გამოყენების პროცესი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ინოვაციური მიდგომების შემუშავების მიზნით. ამ მომგებიან და არამომგებიან ინტერვენციებს აქვთ სოციალური ზეგავლენისა და ფინანსური თვითკმარობის მიღწევის ორმაგი მიზანი.

Terziev            & Arabska (2017)

სოციალური მეწარმეობა არის სფერო, სადაც მეწარმეები არგებენ ან პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ საქმიანობას სოციალური ღირებულების შექმნის უმთავრეს მიზანს

Thake (2017)

სოციალურ მეწარმეს ამოძრავებს სოციალური სამრთლიანობის იდეა. ის ეძებს პირდაპირ კავშირს მის საკუთარ ქმედებებსა და იმ ადამიანების სიცოცხლის გაუმჯობესებულ ხარისხს შორის, რომლებთან ერთადაც მუშაობს და რომლებსაც ემსახურება. ის მიზნად ისახავს იმგვარი გამოსავლების მოძიებას, რომლებიც იქნება მდგრადი ფინანსურად, ორგანიზაციულად, სოციალურად და ეკოლოგიურადაც.

Iyigun (2018)

სოციალური მეწარმეობა გახლავთ სისტემური ცვლილების მიმართ პროფესიული, ინოვაციური და მდგრადი მიდგომა, რომელიც რეაგირებს სოციალური ბაზრის ჩავარდნებზე და ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობებს.

Bansal et al., 2019

სოციალური მეწარმე ქმნის სოციალურ ღირებულებას ინოვაციებისა და ფინანსური რესურსების დაბალანსების მეშვეობით, რაც ემსახურება სოციალურ, ეკონომიკურ და სათემო განვითარების მიზნებს.